PROMO HOUSE - Your Advertising Space!
Forbes Woman Georgia - ნატუკას და თეკლას განაცხადი სარეკლამო ინდუსტრიაში

ნატუკა და თეკლას პირადი ნაცნობობა და მეგობრობა წლების წინ დაიწყო, პროფესიული კუთხით კი რამოდენიმე წლის წინ სხვა კომპანიაში გადაიკვეთა. მათი ხედვები და ღირებულებები ერთმანეთს იმდენად დაემთხვა, რომ გოგოებმა გადაწყვიტეს სარეკლამო ბაზარზე საკუთარი სიტყვა დამოუკიდებლად ეთქვათ. შესაბამისად, 2017 დააფუძნეს სარეკლამო კომპანია Promo House, სადაც ნატუკა ფოფხაძე – დირექტორი, ხოლო თეკლა ჭუმბურიძე იმპორტის მენეჯერია. Promo House მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქტსა და მომსახურებას სთავაზობს. ნატუკასა და თეკლას კომპანია უკვე 6 წელია საქართველოში არსებულ წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობს. გოგოების მიზანია დაეხმარონ ბრენდებს სწორ პოზიციონირებასა და განვითარებაში. პრომო აქსესუარები, გარე რეკლამა, ინტერიერი, მანქანის შეფუთვა, პოლიგრაფია, ტექსტილი, კედლის მხატვრობა და დიზაინერული მომსახურება – ეს Promo House-ის შეთავაზებებია. ნატუკა და თეკლა მხოლოდ პარტნიორები არ არიან, საქმის მიღმაც, ისინი ერთ დიდ ოჯახს წარმოადგენენ!

ფოტო: დარია ერისთავი

ნატუკა გვეუბნება, რომ Promo House-ი მისთვის სიცოცხლის ძალა და ენერგიაა, კომფორტის ზონაში თავს სწორედ მაშინ გრძნობს, როცა ბევრი საქმე აქვს და როცა მისი სწრაფი ტემპით განვითარებაზე ზრუნავს.

როგორც თავად გვიყვება, სარეკლამო ინდუსტრიაში, დაუგეგმავად და მოულოდნელად აღმოჩნდა, როცა ერთ დღესაც მეგობრებს გასაუბრებაზე გაჰყვა. მაშინ არ უფიქრია, რომ ის დღე მის კარიერულ მომავალში გადამწყვეტი აღმოჩნდებოდა. ახლანდელი გადმოსახედიდან თვლის, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა.

„როცა მოსაცდელში, გასაუბრებაზე მყოფ ჩემს მეგობრებს ველოდი, დღეს უკვე ჩემი ყოფილი უფროსი დაინტერესდა თუ ვინ იყო კარს მიღმა. გავეცანი. საუბრისას სამსახურის შეთავაზება მივიღე, გავიარე გასაუბრება და რამდენიმე წუთის შემდეგ სრულიად მოულოდნელად თანამშრომლობაზე შევთანხმდით. ასე შევაბიჯე სარეკლამო ბიზნესის მართლაც ჯადოსნურ და მრავალფეროვან სამყაროში. როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდი არ მიფიქრია, რომ სარეკლამო ინდუსტრიას ჩემს ძირითად საქმიანობად ვაქცევდი. თუმცა, დროის გასვლასთან ერთად იმატებდა აზარტი და საქმისადმი სიყვარული. ის, რამაც ამ საქმეში ყველაზე მეტად მომხიბლა, სწორედ მუდმივი განვითარებისა და სიახლეების შესაძლებლობა იყო“, – ნატუკა ფოფხაძე.

თეკლა ჭუმბურიძე პირველადი პროფესიით დოკუმენტური კინოს რეჟისორია. ვიდრე ნატუკასთან ერთად მუშაობს დაიწყებდა, მოკლე დოკუმენტურ ფილმებს იღებდა. გოგონების პროფესიული გადაკვეთის ადგილას, თეკლა პროდიუსერის პოზიციაზე საქმიანობდა. ეს ის დროა, როცა იმავე კომპანიაში ნატუკა უკვე იმპორტის მენეჯერად მუშაობდა.

„კომპანიაში მისვლიდან მალევე დავიწყე ნატუკას დახმარება, რომელსაც როგორც იმპორტის მენეჯერს საკმაოდ ბევრი საქმე ჰქონდა. ამ მიმართულებამ ძალიან გამიტაცა, მაინტერესებდა უცხოელებთან ურთიერთობა. შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევით დავეუფლე პროფესიას, რომელიც ახლა უკვე Promo House-ში ჩემი მთავარი საქმეა“, – თეკლა ჭუმბურიძე.

როცა ნატუკამ და თეკლამ საკუთარი კომპანიის დაფუძნება გადაწყვიტეს, თავიდანვე იცოდნენ რა უნდა ყოფილიყო მათი სავიზიტო ბარათი ‒ კომპანიას უნდა ჰყოლოდა გუნდი, რომელიც შეძლებდა, რომ სარეკლამო ინდუსტრიაში ახალი და სრულიად განსხვავებული სიტყვა ეთქვა. Promo House-ის დაფუძნების წინ გოგოებმა საქმიანი როლები თავიდანვე გადაინაწილეს. ნატუკა გაყიდვებს ხელმძღვანელობს, თეკლა ‒ იმპორტის მიმართულებას. ნატუკა ფოფხაძის ყოველდღიური საქმე ბიზნეს შეხვედრები და მოლაპარაკებებია, თეკლა ჭუმბურიძის ‒ სამ ქვეყანაში პარტნიორებთან ურთიერთობა.

„ჩვენს კომპანიას პარტნიორები სამ ქვეყანაში ‒ ჩინეთში, თურქეთსა და ესპანეთში ‒ ჰყავს. ბაზარს 40-დან 50 000-მდე სხვადასხვა პროდუქტს ვთავაზობთ. ჩემი მთავარი საქმეა მომხმარებელი რასაც შეუკვეთს, ზუსტად ის ჩამოვიდეს. შესაბამისად, ყოველდღიურ რეჟიმში ვაკონტროლებ შეკვეთებს, პროდუქციის საქართველოში ჩამოსვლამდე სრულ ციკლს ვკურირებ. ჩვენ ვმუშაობთ პრინციპით ‒ კარიდან კარამდე“, – თეკლა ჭუმბურიძე.

Promo House-ის შექმნის დღიდან განვლილი გზა გამოწვევებით სავსე იყო, რადგან მაღალი კონკურენციის გამო ნდობის მოპოვება რთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით იმ წამყვანი კომპანიების თვალში, რომლებიც ახლა უკვე Promo House-ის პარტნიორები არიან. 6 წლის თავზე ნატუკას და თეკლას კომპანიას მაღალი რეპუტაცია აქვს და ბაზარზე განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს.

„უკვე 6 წელი სრულდება, რაც ბაზარზე ვართ. ამ პერიოდის განმავლობაში მოპოვებული ნდობისა და შექმნილი რეპუტაციის წყალობით, წარმატებით ვსაქმიანობთ. რაც მთავარია, საქმის წამოწყების დღიდან არ დაგვიკარგავს ჟინი და მუხტი ვიყოთ საუკეთესოები. ამისთვის კი თავს არ ვზოგავთ, საქმეში ყოველდღიურად დიდ შრომასა და რესურსს ვდებთ. ჩვენი მიზანი მუდმივად კომპანიის განვითარებასა და წინსვლაზე ზრუნვაა. ამ გზაზე ბუნებრივია ვეცნობით სარეკლამო ბაზარზე არსებულ თანამედროვე ტენდენციებს. ქართული ბიზნესი საკმაოდ გემოვნებიანია, მათ გათვითცნობიერებული აქვთ რამდენად მნიშვნელოვანია ის იმიჯი, რომლითაც მომხმარებლების წინაშე წარდგებიან. შესაბამისად, დამკვეთებს ჩვენც სიახლეებით ვანებივრებთ“, – თეკლა ჭუმბურიძე.

Promo House-ის სერვისების მიმართ მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ კომპანია ქარხანა-ფაბრიკებთან შუამავლის გარეშე თანამშრომლობს, ეს კი შესაძლებლობას იძლევა, რომ ბაზარს კონკურენტული ფასები შესთავაზონ.

ნატუკა ფოფხაძე | ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

„მუდმივად მოტივირებულები ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი პარტნიორი გვყავდეს. სარეკლამო ბიზნესში 15 წლიანი გამოცდილების ფონზე, ბუნებრივია ბაზარზე კარგად მიცნობდნენ, თუმცა, რა თქმა უნდა, საჭირო იყო ახალ კომპანიებთან თანამშრომლობა, ამისთვის კი თავდაუზოგავად ვიშრომეთ. Promo House ორიენტირებულია ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებზე, ჩვენს კომპანიას შვილივით ვუვლით და ჩვენთვის რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. კარგ რეპუტაციას ჯაჭვის ეფექტი აქვს, დიდი მოტივაციაა, როცა ბრენდები ერთმანეთს ჩვენთან თანამშრომლობას ურჩევენ. ჩვენზე ყველაზე უკეთ ჩვენ მიერ შესრულებული საქმეები მეტყველებს. შევძელით და ბაზარზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ დავიმკვიდრეთ თავი. მომხმარებელთან ურთიერთობის სტანდარტებში უდიდესი შრომა გვაქვს ჩადებული. პირველ რიგში ვუსმენთ მომხმარებელს, რათა ზუსტად ის პროდუქტი მიიღოს რაც სურს. კარგად გვესმის, რომ ჩვენი სერვისი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საბოლოო ჯამში დამკვეთის წარმატების წინაპირობა უნდა იყოს“, – ნატუკა ფოფხაძე.

Promo House-ის გუნდის საქმისადმი გუნდური მიდგომა კომპანიის პრიორეტიტია. აქ ყველას ერთი მიზანი აქვს და გუნდის თოთოეული წევრი კომპანიის ორგანული ნაწილია. ნატუკა მიიჩნევს, რომ ნებისმიერ საქმეში და განსაკუთრებით მომსახურების სფეროში სწორ და სათანადო კომუნიკაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როცა ამას ამმბობს, ნატუკა ერთის მხრივ კომპანიაში ჯანსაღი გარემოს შექმნასა და მეორეს მხრივ მომხმარებლებთან ურთიერთობას გულისხმობს.

„მჯერა რომ კომპანია, სადაც თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომია თანაბარი შესაძლებლობები, სადაც გუნდის თითოეული წევრი თავს განიხილავს კომპანიის ორგანულ ნაწილად, სადაც საკუთარი საქმე უყვართ და სიამოვნებას ანიჭებთ, მოტივაცია უფრო მაღალია, რაც საბოლოო ჯამში მომსახურების მაღალ ხარისხს იძლევა, ეს კი კომპანიის წარმატების წინაპირობაა“, – ნატუკა ფოფხაძე.

და საინტერესოა როგორია ნატუკას და თეკლას წარმატების ფორმულა? Forbes Woman ამ კითხვას თითქმის ყველა რესპონდენტს უსვამს, იქნებ მოსმენილი პასუხი სხვებისთვის მოტივაციის წყაროდ იქცეს. ნატუკა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ე.წ შაბლონი, რომელიც ყველა ადამიანის წარმატებას განსაზღვრავდა. პროფესიული მწვერვალებისკენ მიმავალი გზა მისთვის რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, აქ პირველი და უმთავრესი საკუთარი საქმის პოვნაა.

„ჩემთვის წარმატება რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. პირველ რიგში ‒ იპოვე შენი საქმე, შექმენი სისტემა და ჩამოაყალიბე გუნდი! წარმატებას თავდაუზოგავი შრომა სჭირდება, ეს კი საქმისადმი სიყვარულის გარეშე შეუძლებელია. წარმოადგინე შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რაც მთავარია, გიყვარდეს საქმე, რომელსაც ემსახურები, ეს მნიშვნელოვანია! ასეთი შრომის მერე იღბალიც უკვე შენს მხარეზეა. წარმატებისკენ მიმავალი გზა მარტივი არ არის, ამ გზაზე ბევრ სირთულეს და მარცხს ვეჯახებით, ამ დროს კი მთავარია, არ დავკარგოთ საკუთარი თავის რწმენა. ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს მაძლევს მოტივაციას გავიზარდო და მიზნისკენ სწრაფვა გავაგრძელო. თავდაუზოგავი შრომა და მიზნისკენ სწრაფვა არის ის, რაც წარმატებას ხელშესახებს ხდის“, – ნატუკა ფოფხაძე.

იგივე კითხვაზე პასუხად თეკლა საქმესთან ერთად ადამიანების სიყვარულს ასახელებს, რადგან ბიზნესი, რომელსაც ის წარმოადგენს სწორედ ადამიანებთან ურთიერთობაზეა აგებული. „პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მომხმარებლები იყვნენ კმაყოფილები ჩვენი მომსახურებით, ფასით და ხარისხით. ჩემს პროფესიულ წარმატებაზე დიდი გავლენას ახდენს ოჯახიც, რომელიც სულ გვერდში მიდგას. მალე ორი შვილის დედა ვიქნები და დარწმუნებული ვარ ეს მოვლენა კიდევ უფრო დიდ წარმატებას მომიტანს, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში“, – თეკლა ჭუმბურიძე.

კარიერული წარმატება რთულად მოდის, თუ ადამიანი საკუთარ თავთან ჰარმონიაში არ არის. ნატუკა და თეკლა ცდილობენ, რომ საქმის მიღმაც დრო ნაყოფიერად და სასარგებლოდ გამოიყენონ. ალბათ რთული დასაჯერებელია, რომ სარეკლამო ინდუსტრიაში წარმატებული ბიზნესის პარალელურად, ნატუკა ფოფხაძე დიჯეინგითაა დაკავებული, მუსიკის დაკვრა პირველად მეგობრების გარემოში გართობის მიზნით დაიწყო. ჰობიმ საქმიანი დანიშნულებაც მალევე შეიძინა, ახლა ნატუკას შესაძლოა შეხვდეთ ორბელიანის ტერასაზე, პულმანში. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა სიხარულს ანიჭებს, ნომერ პირველი მაინც Promo House-ია, კომპანია, რომელსაც თეკლასთან ერთად საკუთარი შვილივით ზრდის. ნატუკა ფოფხაძე ახერხებს რომ სრულფასოვანი მშობელიც იყოს, მას უკვე 15 წლის შვილი ჰყავს.მიაჩნია, რომ ბალანსის დაცვის გარეშე პროფესიული წარმატება მიუღწეველი იქნება.

თეკლა ჭუმბურიძე | ფოტო: დარია ერისთავი

ჩინეთი, თურქეთი, ესპანეთი ‒ სამი პარტნიორი ქვეყანა როგორც ჩანს გოგოებისთვის საკმარისი არ არის, ამიტომაც მათი მიზანი უახლოეს პერიოდში მეგობარი ქვეყნების და პარტნიორების რაოდენობის გაზრდაა. ნატუკას და თეკლას სჯერათ, რომ Promo House-ს მეშვეობით ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ.

ინტერვიუს დასასრულს ვინტერესდებით, რა რჩევა აქვთ ნატუკასა და თეკლას იმ ქალებისთვის, რომლებსაც უნდათ რომ ჰქონდეთ საკუთარი საქმე, თუმცა ჯერ ვერ რისკავენ.

„ქალებს, და არა მხოლოდ ქალებს, ყველას ვურჩევდი, რომ აკეთონ ის საქმე, რომელიც უყვართ. არასდროს დანებდნენ, მიჰყვნენ თავიანთ სურვილებსა და მიზნებს. არ დაიშურონ ძალისხმევა, არასდროს დაკარგონ საკუთარი თავის რწმენა და ოცნებების ასრულების ჟინი. მიზანდასახულობისა და მოთმინების გარეშე ცხოვრებაში არაფერი მოდის. ეს არის საქმის უმთავრესი ღერძი, რომლის სწორად გამოყენება სასურველ შედეგამდე მისასვლელი გზაა“, – ნატუკა ფოფხაძე.

„ჩემი პირადი გამოცდილებით, თუ ადამიანი საკუთარ თავთან ჰარმონიაშია, თუ ზუსტად იცის რა უნდა, თუ თავდაჯერებულია, მიზანს აუცილებლად მიაღწევს. ასევე ყველას ვურჩევთ, რომ საქმეში არჩევანი ჯანსაღ კომუნიკაციაზე გააკეთონ“, – თეკლა ჭუმბურიძე.