PROMO HOUSE - შენი სარეკლამო სივრცე!
ინტერვიუ „პრომო ჰაუსის“ დამფუძნებლებთან – ნატუკა ფოფხაძესთან და თეკლა ჭუმბურიძესთან

კომპანია „პრომო ჰაუსი“ 2017 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პრომოაქსესუარების, გარე რეკლამის, პოლიგრაფიის დამზადებას, ასევე ფოტო-ვიდეო მომსახურებისა თუ ღონისძიებების ორგანიზებას და უნიფორმების ჰუდების კერვას. OK! ესაუბრა კომპანიის დამფუძნებლებს − ნატუკა ფოფხაძეს და თეკლა ჭუმბურიძეს, და გაარკვია, თუ რა არის „პრომო ჰაუსის“ უპირატესობა და როგორი ბიზნესპარტნიორები არიან მეგობრები.

უპირველესად, გაეცანით OK!-ის მკითხველს. და კიდევ − როგორ გაიცანით ერთმანეთი?

(ნატუკა): მე და თეკლა 13 წელია ვიცნობთ ერთმანეთს. თავდაპირველად გავიცანი ჩემი ძმის შეყვარებულის სტატუსით. რაც შეეხება საქმიან თანაკვეთას, ეს დაკავშირებულია სარეკლამო სფეროსთან: მე ვმუშაობდი ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში, როცა თეკლამ გადაწყვიტა სამუშაო გარემოს შეცვლა. როგორც მახსოვს, მივლინებით გამოფენაზე სტამბოლში ვიმყოფებოდი, თეკლა კი მანამდე დაკავებული იყო საკუთარი ბიზნესით, სადაც ხდებოდა საიმიჯო ვიდეორგოლების გადაღება და როგორც პროდიუსერს, გავუწიე რეკომენდაცია ჩემს უფროსთან.

(თეკლა): ნატუკას ვერ აღვიქვამ, როგორც ჩემი მეუღლის დას. თავიდანვე არ გაგვიჭირდა საერთო ენის გამონახვა. როგორც უკვე ნატუკამ აღნიშნა, მე ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული, როდესაც შემომთავაზა სარეკლამო კომპანიაში მივსულიყავი. ზოგადად, პროფესიით რეჟისორი ვარ, თუმცა ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო ამ სფეროში საქმიანობის დაწყება, მით უმეტეს − ნატუკასთან ერთად. განსაკუთრებით იმპორტმენეჯერის პოზიციამ მომხიბლა. დღესაც ამ პოზიციას არ ვთმობ და აქტიურად ვარ ჩართული იმპორტის კუთხით.

როგორ გაჩნდა „პრომო ჰაუსის“ შექმნის იდეა?

(ნატუკა): სახელი „პრომო ჰაუსი“ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული ჩვენს საქმიანობასთან, ასევე მყუდრო, კომფორტულ და მშვიდ გარემოსთან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც შევქმენით ჩვენი, საკუთარი კომპანია, არის მენეჯმენტი და გუნდური ხედვის განსხვავებული ფორმა. უპირატესობას ვანიჭებთ გუნდურ მართვას. ეს არის კომპანია, სადაც ყველანი თანაბარი ვართ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის აზრი, იდეები და მათი გაზიარება. მომართულნი ვართ ვიზრუნოთ მათ განვითარებასა და განათლებაზე, რადგან თანამშრომლების წარმატება საბოლოო ჯამში აისახება კომპანიის განვითარების დინამიკაზე. ვფიქრობ, ისინიც გრძნობენ ჩვენს განწყობა-დამოკიდებულებას და თავს განიხილავენ „პრომო ჰაუსის“ ორგანულ ნაწილად, და არა როგორც რიგით დასაქმებულ პირად, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ერთია, იყოთ კარგი მეგობრები, მაგრამ როგორი ბიზნესპარტნიორები ხართ?

(ნატუკა): თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუკეთესო. როგორც „პრომო ჰაუსის“ გუნდის წევრები აღნიშნავენ, ჩვენ ერთმანეთს ვაბალანსებთ. სწორი პარტნიორის შერჩევა წარმატებული ბიზნესის საწინდარია. ასევე, დიდ როლს თამაშობს ნდობის ფაქტორი, საქმისადმი გულწრფელი დამოკიდებულება. ჩვენ ამით ვცხოვრობთ, სამსახურში თუ სამსახურის გარეთ მუდმივად ვფიქრობთ ნოვატორულ იდეებზე.

(თეკლა):  ორივეს გვაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმე, ჩვენი გუნდი და ჩვენი მომხმარებლები. ადამიანთა უკეთესი ურთიერთობისთვის საჭიროა სიყვარული. როცა გიყვარს და სიყვარულით აკეთებ, ყველაფერი გამოგდის. განსაკუთრებით ფორსმაჟორულ სიტუაციებში ვუდგავართ ერთმანეთს გვერდით და ერთობლივი ძალებით ვცდილობთ პრობლემის აღმოფხვრას. ამით უფრო ვძლიერდებით და ჩვენი პროფესიონალიზმიც იზრდება.

შიდა სამზარეულოში შეგვახედეთ, გაგვიზიარეთ შეხვედრის დეტალები…

(ნატუკა): კომპანიებთან შეხვედრები − ეს არის ერთ-ერთი ძალიან სასიამოვნო და საინტერესო პროცესი. ყოველი შეხვედრის შემდეგ ვივსები სხვადასხვა ემოციით, ვაკეთებთ ჩვენი კომპანიის პრეზენტაციას, შემდეგ უკვე ვუღრმავდებით დეტალებს, რომელიც უფრო საინტერესოა დამკვეთისთვის და განვიხილავთ სხვადასხვა ვარიაციას. კრეატივისთვის კი ვაწყობთ ბრეინშტორმინგს, სადაც ერთვება გუნდის ყველა წევრი და მიღებულ შედეგს დამკვეთს ვუზიარებთ.

(თეკლა): უკვე მეხუთე წელია რაც ბაზარზე ვართ, საკმაოდ წარმატებით ვართმევთ თავს ჩვენს საქმიანობას, არ დაგვიკარგავს დაწყების დღიდან გამოყოლილი ჟინი და მუხტი, ვიყოთ საუკეთესოები. დიდი შრომა და რესურსი გვაქვს გაღებული საკუთარი კომპანიისთვის, მუდმივად ვფიქრობთ მის განვითარებასა და წინსვლაზე. ვანებივრებთ დამკვეთებს სიახლეებით, ვეცნობით მსოფლიო ბაზარზე არსებულ ინოვაციებს, წლის განმავლობაში კი ვთავაზობთ კომპანიებს სეზონური აქსესუარების პრეზენტაციას − საახალწლო, სარვამარტო, სააღდგომო და საზაფხულო შეთავაზებებს.

2017 წლიდან ბაზარზე ხართ. ამ ხნის განმავლობაში რა იყო ის მთავარი მიზანი, რომელიც საკუთარ თავს დაუსახეთ და მიაღწიეთ?

(ნატუკა): დაარსების დღიდან გვაქვს მიზნები, რომლებსაც ეტაპობრივად მივყვებით. ეს საკმაოდ დიდ სტიმულსა და მოტივაციას გვძენს ვიყოთ მუდმივ ტონუსში. პირველ ეტაპზე  ჩვენი მიზანი იყო საკუთარი ოფისის შეძენა, გაფართოება და საუკეთესო გუნდის შექმნა, რაც წარმატებით განვახორციელეთ.

ვიცი, რომ თანამშრომლობთ უცხოურ კომპანიებთან. უფრო დეტალურად გვიამბეთ ამის შესახებ.

(თეკლა): იმპორტის კუთხით არ გვყავს შუამავალი უცხოურ ბაზარზე, პირდაპირი კავშირები გვაქვს პარტნიორ ფაბრიკა-ქარხნებთან. თავდაპირველად ვთანამშრომლობდით თურქეთთან, ჩინეთთან, ესპანეთთან, ახლა კი შვეიცარია და ნიდერლანდებიც დავიმეგობრეთ. თითოეულს აქვს თავისი ნიშა, მაგალითად, თურქეთი ტყავის ბლოკნოტების მხრივ არის ძლიერი, ჩინეთში ყველაფერს აღმოაჩენ, იმდენად მრავალფეროვანია, ესპანეთს ძირითადად მარაგებში აქვს თითქმის ყველა სახის პრომოაქსესუარი და დამზადებას დიდი დრო არ სჭირდება, შვეიცარიას აქვს არაჩვეულებრივ ბრენდ prodir-ის ელეგანტური კალმები, ხოლო ნიდერლანდებს განსხვავებული ხედვა აქვს, თუმცა მე მაინც ჩინეთს გამოვარჩევდი, რადგან საკმაოდ ფართო ასორტიმენტს გვთავაზობს და მაღალ ხარისხთან ერთად ფასებიც მისაღებია.

სამომავლო გეგმები…

(ნატუკა): „პრომო ჰაუსი“ ასოცირდება სანდოობასთან და მომსახურების ხარისხთან. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვთანამშრომლობთ საქართველოში არსებულ წამყვან კომპანიებთან, ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ახალ ბრენდებს პოზიციონირებასა და განვითარებაში. გვაქვს იდეა დავნერგოთ ახალი მიმართულება „პრომო ჰაუსში“ − შევქმნათ სამოტივაციო კურსი, სადაც ტრენინგს გაივლიან როგორც ჩვენი, ასევე სხვა კომპანიების თანამშრომლები, გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით.